მუხლი 144. ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი

1. თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა.

2. ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით.

3. თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს, იგი უფლებამოსილია საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისათვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობა განხილულ უნდა იქნეს არა უგვიანეს 48 საათისა. შუამდგომლობის განხილვის დრო და ადგილი ეცნობება მხარეებს. შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება.

31 . ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტმა ვერ ან არ უზრუნველყო საექსპერტო კვლევის ობიექტის დაცვა, ექსპერტის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა, ხოლო ექსპერტის მოწმედ დაკითხვა დაუშვებელია.

4. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია.

5. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებაში და დაცვის მხარის მიმართვაში აღინიშნება ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება.

6. დაცვის მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით მოითხოვოს მისი ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების სახელმწიფოს ხარჯზე ანაზღაურება.

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 14  ივნისის   კანონი № 741  – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ.