მუხლი 143.-9. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებამდე ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ გამომძიებელს, პროკურორს და მოსამართლეს (თუ ეს ინფორმაცია არსებითად უკავშირდება მათ მიერ განსახილველ საკითხს).

  2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაცვის მხარეს მიეწოდება ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აგრეთვე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას.

  3. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსისა და აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამ პირს ასეთი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად გადაეცემა მოსამართლის განჩინება მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, აგრეთვე ის მასალა, რომლის საფუძველზედაც მიიღო მოსამართლემ ამგვარი გადაწყვეტილება, და განემარტება აღნიშნული განჩინების ამ კოდექსის 143-3 მუხლის მე-15 ნაწილით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როდის ეცნობოს პირს მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და გადაეცეს შესაბამისი განჩინება და მასალა, სამართალწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ, იღებს პროკურორი.

  4. თუ პროკურორი გადაწყვეტს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებიდან 12 თვის ვადაში პირს არ აცნობოს მის მიმართ ამ მოქმედების ჩატარების შესახებ, იგი ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლემაც მიიღო განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, და მოითხოვოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისათვის მიწოდების გადავადება არაუმეტეს 12 თვისა. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს ის საფრთხე, რომელიც პირისათვის შეტყობინებით შეექმნება ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, ამოცანის შესრულებას და სამართალწარმოების ინტერესებს. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში, ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით, საკუთარი შეხედულებისამებრ, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვისას მოსამართლე შეტყობინებით უზრუნველყოფს შესაბამისი პროკურორის მონაწილეობას განხილვაში. მისი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას. განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და  ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე შესაბამისი პირისათვის შეტყობინების გადავადების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და ამგვარი ინფორმაციის მიწოდების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ. პროკურორი ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ამ პირისათვის შეტყობინების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა, აღნიშნული ვადის არაუმეტეს 12 თვით გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.