მუხლი 143.-8. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/მასალის განადგურება

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, პროკურორის გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ, თუ მას არა აქვს ღირებულება გამოძიებისათვის. ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს იმ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა და, მიუხედავად სასამართლოს მიერ მისი კანონიერად ცნობისა, ბრალდების მხარემ ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით არ წარუდგინა ის მტკიცებულებად საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს. დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ის მასალაც, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად უნდა განადგურდეს.

  2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელსაც სასამართლო დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობს, განადგურდება საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ეს მასალა განადგურებამდე სასამართლოს სპეციალურ საცავში ინახება. დაუშვებელია ვინმეს მიერ აღნიშნული მასალის გაცნობა, ასლის გადაღება და გამოყენება, გარდა მისი მხარეთა მიერ საპროცესო უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებისა.

  3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელიც საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაერთვის, ამ კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეინახება სასამართლოში ამ სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მასალა დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

  4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სასამართლოს ადმინისტრაციას, სადაც განადგურებამდე ინახებოდა ეს მასალა.

  5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ან მათი ზემდგომი პროკურორი, იმ მოსამართლის ან იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით დადასტურებული ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიას და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.

  6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას ანადგურებს ის მოსამართლე ან იმ სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.