მუხლი 136. დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა

1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის, მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომსახურების მომწოდებელი ინახავს კომპიუტერული მონაცემების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც დაკავშირებულია მისი მომსახურების მომხმარებლებთან, განსხვავდება ინტერნეტტრაფიკისა და შინაარსობრივი მონაცემებისაგან და რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დადგინდეს/განისაზღვროს:

ა) გამოყენებული კომუნიკაციის მომსახურების ტიპი, გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და მომსახურების დრო;

ბ) მომხმარებლის ვინაობა, საფოსტო ან საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის და სხვა საკონტაქტო ნომრები, ანგარიშისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე;

გ) დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 143-2–1431-0 მუხლების დებულებები.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.