მუხლი 134. ზოგადი დებულებანი საგამოძიებო მოქმედების ოქმის შესახებ

1. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან მისი დამთავრებისთანავე.

2. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შეიძლება დაიწეროს ხელით ან შედგეს ტექნიკური საშუალებით.

3. საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი; მისი დაწყებისა და დამთავრების დრო; საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობები; იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება; საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მათი მისამართებიც. ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებები და შენიშვნები.

4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოყენებული იყო ხმის ან/და გამოსახულების ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ჩაწერა, დამზადდა კვალის ანაბეჭდი ან ტვიფარი, შედგა ნახაზი ან სქემა, საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა აღინიშნოს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, მათი გამოყენების პირობები და მიღებული შედეგები. ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების შესახებ საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს წინასწარ უნდა ეცნობოს და ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში. ამ ნაწილში მითითებული ინფორმაციის შემცველი მასალა უნდა დაილუქოს, დადასტურდეს საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერებით და დაერთოს საქმეს. 

5. შედგენის შემდეგ საგამოძიებო მოქმედების ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, გამოთქვან შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერით.

6. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე. თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამ ფაქტის შესახებ ოქმში კეთდება აღნიშვნა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი. ოქმის ხელმოწერაზე უარის მთქმელ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი, რომელიც ასევე აღინიშნება ოქმში. თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აწერს ხელს ოქმს, მოიწვევა გარეშე პირი, რომელიც ხელმოწერით მის ნაცვლად ადასტურებს ოქმს.

საქართველოს 2012 წლის 22  ივნისის  კანონი №6 5 49 – ვებგვერდი,  0 4.0 7 .2012