მუხლი 131. პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა

1. გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით.

2. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით უნდა იყოს დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას შეხება ჰქონდა ამოსაცნობ ობიექტთან. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.

3. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით.

4. ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია, და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი.

5. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან. ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.

6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.

7. ამომცნობის მიერ ამოსაცნობი ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა.

8. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი ობიექტის ამოცნობისას, რომლის ანალოგის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ 1 ამოსაცნობი ობიექტის მიხედვით.

9. ამოცნობის ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია მისი ზუსტი იდენტიფიცირება.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2012 წლის 22  ივნისის  კანონი №6 5 49 – ვებგვერდი,  0 4.0 7 .2012