მუხლი 130. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების წესი

1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ ექსპერტი. საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები.

2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ინფორმაციაც (ჩვენებაც) უნდა შემოწმდეს. მხარეებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.

3. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) ან ვერსიას. იმ პირს, რომლის მიერ მიცემული ინფორმაციაც (ჩვენებაც) მოწმდება, სთავაზობენ, აღიდგინოს შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყო. საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის.

4. საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

5. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მხარე საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) და სთავაზობს ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემ პირს, დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ინფორმაცია (ჩვენება), რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) დაზუსტება.

6. რამდენიმე პირის ინფორმაციის (ჩვენების) ერთდროულად ადგილზე შემოწმება დაუშვებელია.

7. პირი, რომლის ინფორმაციაც (ჩვენებაც) ადგილზე მოწმდება, განმარტებას იძლევა სხვათა ჩაურევლად, კარნახისა და პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების გარეშე.

8. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს მოქმედების გამეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტის, კვალის თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დათვალიერებაში და მხარისა და სხვა მონაწილეთა ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.