მუხლი 126. დათვალიერების ზოგადი წესი

1. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, მხარის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოვლენას.

2. თუ ამოღებული საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დასათვალიერებლად საჭიროა დიდი დრო ან დამატებითი ტექნიკური საშუალება, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების ჩატარების ადგილზე.

3. დათვალიერება შეიძლება ჩატარდეს ტექნიკური საშუალებებით, თუ ეს არ გამოიწვევს საგნის, დოკუმენტის, ნივთიერებისა თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ან მასზე არსებული კვალის განადგურებას ან დაზიანებას.