მუხლი 123. ჩხრეკა, ამოღება და დაყადაღება მასმედიის, გამომცემლობის რედაქციაში, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების სათავსებში

1. დაუშვებელია მასმედიის, გამომცემლობის რედაქციაში, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და პოლიტიკური პარტიის სათავსში არსებული იმ საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო ობიექტის ჩხრეკა, ამოღება ან/და დაყადაღება, რომლის მიმართაც არსებობს საჯაროდ გავრცელების გონივრული მოლოდინი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დანაშაულის საგანი ან იარაღია.

3. სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება ჩხრეკის, ამოღების ან/და დაყადაღების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიტყვის, აზრის, სინდისის თავისუფლების, აღმსარებლობის, რწმენის ან გაერთიანების უფლების ხელყოფას. ეს საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს ეფექტიანი და ამ უფლებათა და თავისუფლებათა ყველაზე მინიმალურად შემზღუდველი ფორმით.