მუხლი 120. ამოღებისა და ჩხრეკის წესი

1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში − გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გამომძიებელს უფლება აქვს, საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად შევიდეს საცავში, სადგომში, სათავსში ან სხვა მფლობელობაში.

2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების (დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით.

3. გამომძიებელს უფლება აქვს, ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირებს ამოღების ან ჩხრეკის დამთავრებამდე აუკრძალოს წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა, რაც აღინიშნება ოქმში.

4. განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილების წარდგენის შემდეგ გამომძიებელი პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, სთავაზობს ამოსაღები საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემას. ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში, ხოლო მის ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის ან მისი არასრულად გადაცემის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით.

5. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში. ასევე ამოღებულ უნდა იქნეს ინფორმაციის შემცველი ყველა სხვა ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მტკიცებულების მნიშვნელობა ჰქონდეს ამ საქმისათვის ან რომელიც აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულზე, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

6.  ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და ,  შესაძლებლობის შემთხვევაში ,  შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ,  ლუქის გარდა ,  აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში   მონაწილეობდნენ.  არ დაილუქება დოკუმენტი, რომლის ამოღებაც ხდება   მისი შინაარსის გამო.

7. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს უფლება აქვს, გააღოს დაკეტილი საცავი, სადგომი და სათავსი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს, ნებაყოფლობით გააღოს ისინი.

8. დასაშვებია ჩხრეკის ან/და ამოღების ადგილზე მყოფი პირის პირადი ჩხრეკა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან დამალა ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ასეთი შემთხვევა ითვლება გადაუდებელ აუცილებლობად და პირადი ჩხრეკა ტარდება სასამართლოს განჩინების გარეშე. ჩხრეკის ან/და ამოღების კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.

9. იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ამოღება ან ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით. 

10. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2012 წლის 22  ივნისის  კანონი №6 5 49 – ვებგვერდი,  0 4.0 7 .2012 

საქართველოს 2013 წლის 14  ივნისის   კანონი № 741  – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ. 

საქართველოს 2015  წლის 19 თებერვლის  კანონი №3090 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.