მუხლი 115. დაკითხვის ზოგადი წესი

1. დაკითხვის დაწყებამდე სასამართლო ადგენს მოწმის ვინაობას. სასამართლო ფიცის დადების შემდეგ მოწმეს განუმარტავს უფლება-მოვალეობებს, რა საქმეზეა გამოძახებული, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით, და აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, ასევე განუმარტავს, რომ იგი ვალდებული არ არის, მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო ასევე ადგენს, რა დამოკიდებულება აქვს მოწმეს ბრალდებულთან და დაზარალებულთან.

2. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწვევის ინიციატორმა მხარემ მოწმეს უნდა შესთავაზოს, თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით. პასუხის გაცემისას მისი შეწყვეტინება დაუშვებელია, მაგრამ თუ დასაკითხი პირი საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, მოსამართლეს მხარის შუამდგომლობით შეუძლია მისი შეჩერება. ამის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით შეიძლება დაკითხვის ინიციატორმა დაუსვას შეკითხვები ამ კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად. პირდაპირი დაკითხვის დამთავრების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია აწარმოოს მოწმის ჯვარედინი დაკითხვა ამ კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

3. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.

4. ნასამართლობის შესახებ შეკითხვა მოწმეს შეიძლება დაესვას, თუ ის საჭიროა მოწმის სანდოობის დადგენისათვის.

5. თუ მოწმეს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენება ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით.

6. დაკითხვისას მოწმეს შეუძლია გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

7. მხარეებს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც იგი იყენებდა დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ მას ან დაურთონ საქმეს.

8. დაკითხვისას მხარეებს შეუძლიათ მოწმეს წარუდგინონ საქმეზე დართული საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.