მუხლი 114. გამოძიების დროს დაკითხვის წესი

1. გამოძიების სტადიაზე მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაკითხულ იქნეს პირი, თუ:

ა) არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის დაკითხვას საქმის არსებითი განხილვის დროს;

ბ) იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას;

გ) საქმის სასამართლოში არსებითად განსახილველად წარმართვისათვის აუცილებელი მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება საჭიროებს არაგონივრულ ძალისხმევას;

დ) ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემა სავალდებულოა და მასზე უარის თქმა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაკითხ პირს იძახებენ სასამართლო უწყებით. დაკითხვა მიმდინარეობს მხარეთა მონაწილეობით. მეორე მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას.

4. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, მხარის დასაბუთებული შუამდგომლობითა და მოსამართლის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაკითხვა წარმოებულ იქნეს მეორე მხარის წინასწარ ინფორმირებისა და დასწრების გარეშე. ასეთ შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება საქმის არსებითი განხილვისას დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.

5. მოწმე უნდა დაიკითხოს შუამდგომლობის დაყენებიდან გონივრულ ვადაში. შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ იკითხება.

6. გამოძიების სტადიაზე დასაკითხი პირის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე შეიძლება ასევე დაკითხულ იქნეს პირი, თუ:

ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ანდა ნაცვალგების პირობების საფუძველზე შემოსულია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ;

ბ) დასაკითხი პირი გამოძახებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე -6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ გამოიყენება ამავე მუხლის მე -2 ნაწილით დადგენილი წესი .

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.