მუხლი 112. სასამართლოს განჩინებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება

1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად.

2. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება ის; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული).

3. ჩხრეკის ან ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: ის უძრავ-მოძრავი ქონება, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, და ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მას ფლობს (თუ მისი ვინაობა ცნობილია); ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკაც უნდა ჩატარდეს; ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები; წინააღმდეგობის გაწევისას იძულების პროპორციული ზომის გამოყენების უფლება. ჩხრეკის ან ამოღების განჩინება ძალადაკარგულია, თუ ეს საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა 30 დღის ვადაში.

4. კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით განხორციელებული გზავნილის დაყადაღების და ამოღების განჩინებაში აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს: იმ პირის სახელი და გვარი, რომელსაც ეგზავნება დასაყადაღებელი გზავნილი; გამგზავნის სახელი და გვარი, მისამართი (თუ ის ცნობილია); დაყადაღებული გზავნილის სახე; ყადაღის დადების ვადა; იმ დაწესებულების დასახელება, რომელსაც ევალება დააკავოს გზავნილი; გამომძიებლის უფლება, დაათვალიეროს და ამოიღოს გზავნილი.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლეს პროკურორმა უნდა აცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს მხარეთა (თუ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია) და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაატარა. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

6. მასალების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება: 

ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და მიღებული ინფორმაციის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.

7. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

8. ამ მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22  ივნისის  კანონი №6 5 49 – ვებგვერდი,  0 4.0 7 .2012