მუხლი 111. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესი

1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები. მხარეები საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს. გამომძიებელი უნდა შეარჩიოს საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა და მისი ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები დაცვის მხარეს უნდა ეცნობოს შუამდგომლობით მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე. ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ბრალდებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებითაც დადასტურდება მის მიერ ამ ხარჯების ანაზღაურების შეუძლებლობა. დაცვის მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში.

2. დაცვის მხარის უფლება, შუამდგომლობით მიმართოს  სასამართლოს  საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, არ ვრცელდება ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე. დაცვის მხარეს არა აქვს უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებისათვის, ამ კოდექსის თანახმად, საჭიროა ასეთი ნებართვა.

3. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი მონაწილეებს განუმარტავს უფლება-მოვალეობებს და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესებს. საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მონაწილეთა უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.

4. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საფუძველია გამომძიებლის დადგენილება ან სასამართლოს განჩინება, გამომძიებელი მას აცნობს იმ პირს, რომლისთვისაც დადგენილების (განჩინების) შესრულება სავალდებულოა, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.

5. საგამოძიებო მოქმედების ღამით ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს გონივრულ ვადაში.

6. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები.

7. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება.

8. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ქირურგიული ან სამედიცინო გამოკვლევის სხვა მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ამ პირის თანხმობით. თუ ამ პირს 16 წელი არ შესრულებია ან იგი ფსიქიკურად დაავადებულია, აუცილებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობა ან სასამართლოს განჩინება.

9. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება განსაკუთრებულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. თუ საგამოძიებო მოქმედება ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტი და მხარე უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი პირი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2013 წლის 14  ივნისის   კანონი № 741  – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ.