მუხლი 106. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება

1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იღებს პროკურორი დადგენილებით. ამ დადგენილების ასლს პროკურორი უგზავნის დაზარალებულს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია დაზარალებულს შეატყობინოს ამის შესახებ და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 5 -1 ნაწილით დადგენილი წესით.

1-1. დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.

3. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წყდება, პროკურორი ვალდებულია მიმართოს განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით.

საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

საქართველოს 2014  წლის 26  ივლისის კანონი №2539 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.