მუხლი 105. გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებისან შეწყვეტის საფუძვლები

1. გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს:

ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;

გ) თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას;

დ) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;

ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;

ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

ზ) თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ან/და სასამართლოს განჩინება იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე;

თ) თუ არსებობს პროკურორის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ;

ი) თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

კ) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი);

ლ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები და იმავე კოდექსის 164 -1, 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 339-ე, 339 -1, 348 1, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებული შემთხვევები);

მ) თუ ვითარება შეიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ:

ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;

ბ) პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით;

გ) ბრალდებული გარდაიცვალა;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-1, 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-1 ან/და 143-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.

3. სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა აგრეთვე არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ ის ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს.

4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას არ შესრულებია 18 წელი, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ, რომლის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამ ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი.

6. თუ არასრულწლოვანი არაჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, მასთან გაფორმებული განრიდების ან მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

[4. (ამოღებულია - 12.06.2015, №3715 ).

5.  (ამოღებულია - 12.06.2015, №3715 ).

6.  (ამოღებულია - 12.06.2015, №3715 ).  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2013 წლის  30   მაისის   კანონი № 662  – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

საქართველოს 2013 წლის 14  ივნისის   კანონი № 741  – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3715  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.