მუხლი 093. შუამდგომლობის დაყენების უფლება და წესი

1. მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. წერილობითი შუამდგომლობა უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს ოქმში. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს იმავე სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს, მასში კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან.

3. შუამდგომლობის გადაწყვეტამდე მის დამყენებელ მხარეს უფლება აქვს, გაითხოვოს იგი.

4. იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განიხილება.

5. გამოძიების სტადიაზე შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი დაყენების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღისა, ხოლო სასამართლოში – დაუყოვნებლივ, გარდა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობის დასაყენებლად და დასასაბუთებლად სასამართლო მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

7. სასამართლოში საქმის განხილვისას დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით პოზიციის გამოსახატავად სასამართლო მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.