მუხლი 091. საპროცესო ხარჯების გადახდევინება

1. ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯს აანაზღაურებს უშუალოდ ბრალდებული, ხოლო თუ დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება – სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. მსჯავრდებულს ეკისრება მის ან მისი ადვოკატის მიერ დაზარალებულის, მოწმის, თარჯიმნისა და ექსპერტის მოწვევის, წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის, მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ბრალდების მხარისგან მიღებული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.

3. რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს საპროცესო ხარჯებს თითოეული მათგანი ბრალის ხარისხისა და დანიშნული სასჯელის სიმკაცრის გათვალისწინებით წილობრივად აანაზღაურებს.

4. გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან საპროცესო ხარჯების გადახდისაგან.

5. საკუთარი საპროცესო ხარჯების შესახებ ცნობას გამოძიების სტადიაზე ადგენს პროკურორი და წარუდგენს საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს. საქმის არსებითი განხილვისას საკუთარი საპროცესო ხარჯების შეცვლის შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები ასახოს ცნობაში და წარუდგინოს სასამართლოს.

6. პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სასამართლო განხილვის ამ მიზეზით გადადების ხარჯების ანაზღაურება დაეკისრება აღნიშნულ პირს.

7. სასამართლო ხარჯების გამოანგარიშების მეთოდიკას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

8. სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2013 წლის 14  ივნისის   კანონი № 741  – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ.