მუხლი 083. შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცვლა მხარეების მიერ

1. სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევ ე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები.

2. დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბრალდების მხარე უფლებამოსილია დაცვის მხარისაგან მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც დაცვის მხარე აპირებს.

3. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.

5. დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე.

6. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.

7. მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით. დასაშვებია ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაც, თუ ეს არ იწვევს მის ან მასზე არსებული კვალის დაზიანებას ან განადგურებას.

8. ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებული არიან მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა , რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ , ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები .

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.