მუხლი 081. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას

1. განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:

ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;

ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება;

გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება;

დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ – საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, – გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს;

ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

2. დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.

3. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.