მუხლი 080. გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე

1. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული.

2. თუ ნივთიერი მტკიცებულება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არის სატრანსპორტო საშუალება – საგანი, რომელიც მესაკუთრის (მფლობელის) ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი კანონიერი მფლობელობიდან, საქმის მწარმოებელი ორგანო უშუალოდ ან უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით წერილობით შესთავაზებს საგნის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს, თუ ეს პირი ცნობილია, დაიბრუნოს თავისი კუთვნილი საგანი. საქმის მწარმოებელმა ორგანომ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს საგნის მესაკუთრეს (კანონიერ მფლობელს) მისი ვინაობის დადგენისთანავე. წერილობითი შეტყობინების მიღება დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით ან ამ შეტყობინებაზე საგნის მესაკუთრის (კანონიერი მფლობელის) ხელმოწერით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – შესაბამისად ოჯახის წევრის ან/და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. საგნის მესაკუთრე (კანონიერი მფლობელი) წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს თავისი კუთვნილი საგნის დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას.

3. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი არ არის ცნობილი, არ არსებობს ამ საგნის კანონიერი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი შეიძლება ჩაჰბარდეს შესაბამის პირს (ორგანიზაციას) გამოსაყენებლად, შესანახად, მოსავლელად და მისგან ამ საგნის ამოღებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს შუამდგომლობა ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით საგნის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის შეტყობინების  ჩაბარებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, რომელიც ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა განიხილავს შუამდგომლობას ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ან იმ პირისათვის დაბრუნების შესახებ, რომელმაც შეიძინა იგი და შეძენის მომენტისათვის არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის თაობაზე.

5. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საგნის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მოსამართლის მიერ გამოტანილ განჩინებას ასაჩივრებს პროკურორი ან დაინტერესებული პირი ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის კანონი №893 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.