მუხლი 068. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახე და მის გამოყენებაზე უფლებამოსილი პირი

1. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახეა პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა.

2. პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოიყენოს პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართოს პროცესის მონაწილე, ან პირი, რომელიც შეიძლება გახდეს პროცესის მონაწილე, მასთან დაკავშირებული პირი ან/და მისი ახლო ნათესავი, მათი თანხმობით.

3. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირების მიმართ იყენებს დაცვის კონკრეტულ ღონისძიებებს. ასეთი ღონისძიებებია:

ა) მიკვლევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება − საჯარო რეესტრში ან სხვა საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის, შეცვლა ან ამოღება;

ბ) ვინაობის შეცვლა და მასზე ახალი დოკუმენტების გაცემა − ფსევდონიმის მიჭება, გარეგნობის შეცვლა, ამოცნობისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველი საპროცესო და სხვა დოკუმენტების გა საიდუმლოება;

გ) უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება და სხვ.);

დ) საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა;

ე) სხვა სახელმწიფოში გაყვანა (რელოკაცია).

4. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვისა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების პროცედურებს ერთობლივად განსაზღვრავენ საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

5. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.