მუხლი 063. აცილების შუამდგომლობის დაყენების წესი

1. თუ არსებობს პროცესის რომელიმე მონაწილის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება და მას არ განუცხადებია თვითაცილება, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილების შუამდგომლობა.

2. აცილების შუამდგომლობა ამისთვის უფლებამოსილმა პირმა უნდა დააყენოს დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება აცილების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება.

3. საქმის სასამართლო განხილვისას მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ სასამართლოში.

4. გამოძიებისას გამომძიებლის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას მხარე აყენებს პროკურორთან.

5. გამოძიებისას პროკურორის აცილების შუამდგომლობას ამისთვის უფლებამოსილი პირები აყენებენ მის ზემდგომ პროკურორთან.