მუხლი 059. სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები

1. მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:

ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული;

ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;

ბ 1) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს;

გ) არის ბრალდებულის, ადვოკატის , დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი;  

დ) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან;

ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.

2. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში.

3. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეტანილი საჩივრის განხილვაში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება არ არის ადრე ამ საქმის საკასაციო წესით განხილვაში მისი მონაწილეობა.

5. პროკურორისა და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მათ შემდგომ მონაწილეობას.

6. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებაში, თუ არ არსებობს დაცვის მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

  საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.