მუხლი 058. ინფორმაცია და განმარტება

1. პროკურორმა დაზარალებულის მოთხოვნის შემთხვევაში წინასწარ უნდა შეატყობინოს მას შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო:

ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან;

ბ) წინასასამართლო სხდომა;

გ) სასამართლოს მთავარი სხდომა;

დ) სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა;

ე) სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა;

ვ) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს წერილობით უნდა გადაეცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით გადაცემა გონივრულია მოცემულ გარემოებებში და საკმარის დროს იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

3. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადება.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.