მუხლი 057. დაზარალებულის უფლებები

1. დაზარალებულს უფლება აქვს:

ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი;

ბ) მიიღოს ინფორმაცია ამ კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების შესახებ;

გ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია;

დ) უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი;

ე) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

ვ) დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული, მისი კუთვნილი ქონება;

ზ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას;

თ) მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს;

ი) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება;

კ) წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს; 

ლ) მიმართოს ბრალდების მხარეს ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით;

მ) მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ;

ნ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისა და მასალების გაცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისას პროკურორი/გამომძიებელი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 56-ე მუხლის 5-1 ნაწილით დადგენილი წესით. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, პროკურორი/გამომძიებელი ვალდებულია მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრისთანავე აცნობოს დაზარალებულს ამის შესახებ და, შესაბამისად, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალები.

3. ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება. დაზარალებულს უფლება აქვს, ეს დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.

საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.

საქართველოს 2015 წლის  1 მაისის  კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.