მუხლი 056. პირის დაზარალებულად ცნობა

1. დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.

2. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული იურიდიული პირი მონაწილეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელსაც ენიჭება დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.

3. იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს („დაზარალებულის უფლებამონაცვლე“). გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს უფლება არა აქვთ, უარი უთხრან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაზარალებულისათვის მინიჭებული რომელიმე უფლებით სარგებლობაზე. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე წილისყრით განისაზღვრება.

4. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.

5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

51. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას გააცნობს დაზარალებულს და განუმარტავს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა უფლებას და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს ოქმს. ამ ოქმს ხელს აწერენ დაზარალებული და ოქმის შემდგენი. დაზარალებულს უფლება აქვს, შენიშვნა გააკეთოს ოქმზე. თუ დაზარალებული უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.

6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც დაზარალებულს წერილობით ეცნობება. დაზარალებულს უფლება აქვს, პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

7. მოსამართლეს ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ საკითხებზე 15 დღის ვადაში გამოაქვს განჩინება ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

საქართველოს 2014  წლის 24  ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.