მუხლი 055. სასამართლოს მეგობარი (Amicus Curiae)

1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.

2. წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანი უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, იგი მას არ განიხილავს.

3. სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები.

4. წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. იგი შედგენილ უნდა იქნეს 3 ასლად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ხოლო 1 რჩება მოსამართლესთან.

5. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328