მუხლი 052. ექსპერტის უფლება-მოვალეობანი

1. ექსპერტს უფლება აქვს:

ა) გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი;

ბ) მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში ; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია;

გ) უარი თქვას დასკვნის მიცემაზე და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;

დ) ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას;

ე) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანთან და საექსპერტო კვლევასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში;

ვ) მტკიცებულების აღმოჩენის, გამოკვლევისა და დემონსტრირებისათვის გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალება, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება.

2. ექსპერტი ვალდებულია:

ა) თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან/და პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს, იგი ასახოს დასკვნაში;

ბ) დაიცვას და საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს დაუბრუნოს კვლევის ობიექტი, თუ საექსპერტო კვლევისას ეს ობიექტი სრულად არ დახარჯულა;

გ) თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძველი, განაცხადოს თვითაცილება.