მუხლი 050. პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე

1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:

ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;

გ) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;

დ) ბრალდებულის ახლო ნათესავს;

ე) სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;

ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს;

ზ) მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის საიდუმლოებაა;

თ) ჟურნალისტს – პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

ი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს – მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში;

კ) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება.

2. არ შეიძლება მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

3. სასამართლოს უფლება აქვს, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლოს:

ა) სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო) საიდუმლოების დაცვა;

ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და შინაარსი;

გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;

დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებულია და ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ − მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ, თუ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება და იმავდროულად აქვთ ინფორმაცია არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 253-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით, 255 -1 ან 255 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში მოწმის სახით ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2013 წლის  11  დეკემბრის კანონი №1729  - ვებგვერდი, 25.12.2013წ.