მუხლი 049. მოწმის უფლება-მოვალეობანი

1. მოწმეს უფლება აქვს:

ა) იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;

ბ) თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;

გ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;

დ) არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

ე) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;

ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

2. მოწმე ვალდებულია:

ა) გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;

ბ) უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;

გ) არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;

დ) დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;

ე) სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.

3. მოწმე შეიძლება იძულებით მიიყვანონ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით.