მუხლი 048. მოწმის მიერ ფიცის დადება

1. სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს.

2. ფიცის დადების წინ სასამართლომ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე– 371-1 მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

3. რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

„დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“.

მოწმე უპასუხებს:

„ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“.

4. არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

„ დაიფიცეთ, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“.

მოწმე უპასუხებს:

„ვფიცავ!“.

5. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით. მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

„სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით ადასტურებთ თუ არა, რომ იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ?“.

მოწმე უპასუხებს:

„დიახ, ვადასტურებ!“.

6. მოწმის მიერ ფიცის დადების ან ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელების ფაქტი დასტურდება მის მიერ ფიცის ან დადასტურების ტექსტზე ხელმოწერით.

7. ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ჩვენების მიცემაზე უარი არ შეიძლება შეფასდეს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328