მუხლი 044. ბრალდებულის ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობა

1. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს უფლება არა აქვს, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.

[ 1. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს არა აქვს უფლება, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებულს აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.  (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]

2. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას.

3. ადვოკატს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის, გამოკითხვის ოქმების, ასლები, აგრეთვე ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და დაცვის მხარის ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ადვოკატი ვერ ისარგებლებს იმ უფლებებით, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს.

4. ადვოკატი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილზე და სასამართლოში.

საქართველოს 2013 წლის 14  ივნისის   კანონი № 741  – ვებგვერდი, 2 7 .0 6 .2013წ.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი № 3715  – ვებგვერდი, 24.06.2015წ.