მუხლი 038. ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი

1. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი. ბრალდებულს უნდა გადაეცეს დაკავების ოქმის ან, თუ ის არ დაუკავებიათ, – ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი.

2. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, და უფლება, დაპატიმრებისას, ხოლო დაკავებისას – მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება.

3. თუ ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის ადვოკატს, რაც ითვლება ბრალის წაყენებად.

4. ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

5. ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია – უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობა კონფიდენციალურია. აკრძალულია ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას.

6. ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და დამოუკიდებლად დაიცვას თავი, რისთვისაც მას უნდა მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება. ბრალდებულს არ შეუძლია უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა.

7. ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს.

8. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც თარჯიმნის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს.

9. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და მიიღოს შესაბამისი წერილობითი დასკვნა. ბრალდებულის ეს უფლება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. მას ასევე აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებისმიერ დროს, საკუთარი ხარჯით, დაუყოვნებლივ ჩაიტაროს სამედიცინო შემოწმება მის მიერ არჩეული ექსპერტის მიერ.

10. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა, ასევე შეატყობინოს კრედიტორს, სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები აკისრია.

11. ბრალდებულს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

12. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე.

13. ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები.

14.  ბრალდებულს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიება ში, ასევე უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით −  სასამართლო განხილვაში ;  დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება; დაცვის მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა ხდება;   გაეცნოს მხარის მიერ შეტანილ საჩივარს და მასზე გამოთქვას მოსაზრება; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და მასზე გამოთქვას შენიშვნა.

15. ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება პროკურორთან, პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოში. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაასაჩივროსსასამართლო გადაწყვეტილება, მიიღოს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ასლი. 

16. ამ მუხლში მოყვანილი ჩამონათვალი არ ზღუდავს ბრალდებულის უფლებას, განახორციელოს ყველა სხვა უფლება, რომელიც მას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს მინიჭებული.

17. ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში.

18. ბრალდებულის მიერ თავისი უფლებების გამოყენება ან გამოუყენებლობა არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6392 - ვებგვერდი, 19.06.2012წ.