მუხლი 037. გამომძიებელი

1. გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. პროკურორი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს გამოძიებას, სარგებლობს გამომძიებლის სტატუსით.

2. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

3. გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას უფლება აქვს, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომ პროკურორს შეუძლია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მითითება ან გამოძიება სხვა გამომძიებელს დაავალოს. აღნიშნულ საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა.

4. გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს განჩინება.

5. ამ კოდექსის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა.

6. თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება, გარდა იმ მოქმედებისა, რომლის ჩატარებაც პროკურორის კომპეტენციაა;

ბ) შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ;

გ) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა;

დ) მოიწვიოს თარჯიმანი, ექსპერტი, ამოსაცნობი პირი;

ე) მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საჩივარი და სისხლის სამართლის საქმის მასალები საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს ან სასამართლოს;

ვ) სხვა გამომძიებლისათვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით მიმართოს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს;

ვ 1 ) სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით , წერილობით მიმართოს შესაბამის ორგანოს ან დაწესებულებას საჭირო მასალების ან / და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით , აგრეთვე სრული მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები ;

ზ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418