მუხლი 033. პროკურორი

1. პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.

2. სასამართლოში თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას პროკურორი დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

3. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს იგი ახალი გადაწყვეტილებით.

4. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში.

5. ამ კოდექსის საფუძველზე გამოძიებისას პროკურორის დადგენილების შესრულება სავალდებულოა.

6. პროკურორი უფლებამოსილია:

ა) საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს; საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს. საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს; გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით;

გ) გამოძიებისას სავალდებულო მითითება მისცეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს ან/და ქვემდგომ პროკურორს;

დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან მთლიანად სისხლის სამართლის საქმე;

ე) ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მისაღებად, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;

ვ) გააუქმოს გამომძიებლის ან ქვემდგომი პროკურორის დადგენილება;

ზ) შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება ან შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა;

თ) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედების ან/და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;

ი) შეცვალოს ბრალდება;

კ) ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

ლ) სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოს მისი დასაშვებობის საკითხის განხილვაში;

მ) სასამართლოს მიმართოს გამოძიების პროცესში კერძო პირთაგან მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობით;

ნ) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება;

ო) გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ძებნის შესახებ;

პ) პირი ცნოს დაზარალებულად და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები;

ჟ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328