მუხლი 021. ტერიტორიული განსჯადობა

1. სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით , სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს .

2 . მოსამართლე არკვევს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე . შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში მოსამართლე მოქმედებს ამ კოდექსის XXI თავის შესაბამისად.

3. გამოძიებისას მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს სასამართლო გამოძიების დამთავრების ადგილის მიხედვით.

4. ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით სისხლის სამართლის საქმე მასში მონაწილე დაზარალებულთა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფლის მიხედვით ან სხვა მიზეზით, რომელიც დაკავშირებულია ნაკლები საპროცესო ხარჯების გაწევასთან, განსახილველად გადასცეს სხვა სასამართლოს.

5. თუ სასამართლო დაადგენს, რომ სისხლის სამართლის საქმე მისი განსჯადი არ არის, იგი განჩინებით საქმეს განსჯადობის მიხედვით გადასცემს სხვა სასამართლოს.

6. განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე.

  საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418