მუხლი 020. სასამართლოს უფლებამოსილება

1. თუ სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციით არ განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მას პირველი ინსტანციით განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს იმ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება, ჩატარდება ან ჩატარდა გამოძიება ან საპროცესო მოქმედება. ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ. ამ კოდექსით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისთვის მიკუთვნებული საკითხები მისი არყოფნისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიების ადგილი არ ემთხვევა დანაშაულის ჩადენის ადგილს, შეიძლება განიხილოს სხვა მაგისტრატმა მოსამართლემ ან გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან მაგისტრატი მოსამართლის განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამო სააპელაციო საჩივარს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატა.

5. სააპელაციო სასამართლოს განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამო საკასაციო საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

6. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328