მუხლი 012. კანონიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა

1. პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის განსჯადობასაც კანონით ექვემდებარება მისი საქმის განხილვა.

2. სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს მხოლოდ პროკურორი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.

4. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის კანონიერ ინტერესს პრიორიტეტი აქვს დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პირის კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.