მუხლი 274. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი

1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:

ა) ბრალდებულის სახელი და გვარი;

ბ) გადაწყვეტილება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ს დამნაშავედ ცნობის შესახებ;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (ნაწილი, ქვეპუნქტი), რომლის მიხედვითაც ბრალდებული მიჩნეულია დამნაშავედ;

დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც ბრალდებულს დაენიშნა თითოეული დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;

ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;

ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადის ჩათვლის შესახებ;

ზ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;

თ) ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა;

ი) ქონების ჩამორთმევის და საპროცესო კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტა;

კ) გადაწყვეტილება სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;

ლ) (ამოღებულია – 28.10.2011, №5170);

მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს ის.

2. თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა მიეთითოს, რომელ ბრალდებაში გაამართლეს იგი და რომელში დასდეს მსჯავრი.

3. სასჯელის მოხდისაგან ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.

4. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ ეჭვი არ წარმოიშვას.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.