მუხლი 278. საჩივრის ან პროტესტის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო

1. საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 234-1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

2. თუ დადგინდება, რომ დადგენილება გამოიტანა იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა), რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა ეს საქმე, მაშინ ასეთი დადგენილება გაუქმდება და საქმე განსახილველად გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს).

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო საჩივართან ან პროტესტთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილების ასლი 7 დღის ვადაში გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება. პროტესტის გამო მიღებული დადგენილების ასლი 7 დღის ვადაში გაეგზავნება აგრეთვე დაზარალებულს მისივე თხოვნით. პროტესტის განხილვის შედეგი ეცნობება პროკურორს.