მუხლი 249. ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა

1. დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს; ჩამოართმევენ ამ კოდექსის 246-ე და 248-ე მუხლებში აღნიშნული ორგანოების თანამდებობის პირები. ჩამორთმეულ ნივთებსა და დოკუმენტებს სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ინახავენ იმ ორგანოების (თანამდებობის პირთა) მიერ განსაზღვრულ ადგილას, რომლებსაც ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის უფლება აქვთ, ხოლო საქმის განხილვის შემდეგ, განხილვის შედეგების მიხედვით, მათ დადგენილი წესით გაუკეთებენ კონფისკაციას ან დაუბრუნებენ მფლობელს, ანდა გაანადგურებენ, ხოლო სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში რეალიზაციას გაუკეთებენ. ჩამორთმეული ორდენი, მედალი, საქართველოს საპატიო წოდების სამკერდე ნიშანი უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ხოლო თუ ის უცნობია, გაეგზავნოს შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

2. ამ კოდექსის 58 2  მუხლით , 86- ე მუხლის მე -9 და მე -10 ნაწილებით , 114 -1, 128 -2, 155 -1, 155 -2  და 157- ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან / და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა . ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

21. ამ კოდექსის 114-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება განხორციელდე ს ზომამცირე გემის ჩამორთმევა. ჯარიმისა და საურავის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება ჩამორთმეული ზომამცირე გემის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

22. ამ კოდექსის 66-ე და 128-2 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ხე-ტყე, რომელიც სამართალდარღვევის უშუალო ობიექტია, შეიძლება დროებით დარჩეს მის მფლობელთან ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთან, ხოლო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი ხე-ტყე – ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ტყის დაცვაზე პასუხისმგებელ პირთან (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შესაბამისი ლიცენზიის მფლობელისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი ხე-ტყისა, რომელიც მიბარდება ლიცენზიის მფლობელს ან მის წარმომადგენელს), რომლებიც ასევე პასუხისმგებელი არიან მიბარებული ხე-ტყის დაცვისთვის. თუ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისათვის ამ კოდექსით დადგენილ ვადებში ხე-ტყის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ვერ დადგინდება, ხე-ტყის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევისას შედგება ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ნივთების გასინჯვის ანდა ადმინისტრაციული დაკავების ოქმებში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, მძღოლს საქმეზე დადგენილების გამოტანამდე ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და მიეცემა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, რაც აღინიშნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმში. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გამოტანის შემთხვევაში მძღოლს დროებით ჩამორთმეული მართვის მოწმობა არ დაუბრუნდება, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების (გაპროტესტების) შემთხვევაში მართვის დროებითი ნებართვის მოქმედება გაგრძელდება საჩივარზე (პროტესტზე) გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადით.

5. ამ კოდექსის 167-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 182-ე, 183-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენისას მილიციის მუშაკებს უფლება აქვთ საქმის განხილვამდე ჩამოართვან ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები, რის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობის და სახეობის აღნიშვნით იმ პირის მიმართ, რომელმაც სამართალდარღვევა ჩაიდინა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს, ჩამორთმევა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომლის ფორმას, შევსებისა და გამოყენების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.