მუხლი 172. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისადა სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა

1. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვნის აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ალკოჰოლიანი სასმელის სმით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენებით, −

გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის მიმართ განსაზღვრული მოვალეობის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება 14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებით, −

გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში −

გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით.