მუხლი 134. გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა

1. გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა- შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების მიუღებლობა გზის ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად ასაკრძალავად, შესაზღუდავად ან აღსადგენად, როცა ამ გზით სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის მოძრაობას, ან გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფრის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზასთან სხვა დანიშნულების გზის თვითნებური მიერთება, გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ობიექტის უნებართვო მშენებლობა ან ობიექტის მშენებლობაზე დადებული შეთანხმების პირობების დარღვევა, პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის, სარეკლამო ფირნიშის, არასტანდარტული საგზაო ნიშნის უნებართვოდ განთავსება, გზის თვითნებურად გადათხრა ან სამუშაოთა წარმოებაზე დადებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, ანდა შესაბამისი ნებართვის გარეშე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად მიღება −

გამოიწვევს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, −

გამოიწვევს იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.