მუხლი 128.- 3 . ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა

1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ანგარიშის (მათ შორის, ყოველთვიური ანგარიშის) ან ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის შესაბამის ორგანოში წარუდგენლობა, აგრეთვე სპეციალური ფირნიშის ან/და მისი საკონტროლო ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება , ჩადენილი განმეორებით , −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით .

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.

5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის მიღებასთან, შენახვასთან, გადამუშავებასთან ანდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის და სახერხი დანადგარებისა და მოწყობილობების კონფისკაციით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონოდ ჩაითვლება ის ხე-ტყე/ხე-მცენარე, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.