მუხლი 127.-1. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 129 1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

1-1. სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 129-1  მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

3. ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. (ამოღებულია).

5. ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით –

გამოიწვევს ავტოსადგურის მესაკუთრე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

7. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის განმახორციელებელი საწარმოს „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით საქმიანობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარამდე.

შენიშვნა: ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, 1 -1, მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 -1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.