მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ანეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, −

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მესაკუთრის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 -1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.

3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

4. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.