მუხლი 121.-1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა ან მის მიერ ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

2. „B“ კატეგორიის ან „A1“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ ამ მუხლით ან ამ კოდექსის 118-ე, 118-1, 118-2, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე და 127-1 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 -1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.