მუხლი 118.-1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა

ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა –

გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქციაც არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 

4. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.