მუხლი 068. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება

1. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე.

2. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და სამოცდაათიდან ას ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და ას ოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, −

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და ორას ოციდან ორას სამოცდაათ ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.